"ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოაცურეს რამდენიმე ანტიქართული მუხლი, რის გამოც, საბოლოო ჯამში, თავი შევიკავეთ მთლიანი დეკლარაციის მხარდაჭერისგან," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო საუბარი.
მახაშვილის თქმით, მათი დიდი ძალისხმევით, დეკლარაციასა და რეზოლუციებში საქართველოსთვის პოზიტიური არაერთი მუხლი ჩაიწერა, თუმცა "ქართული ოცნების" მიმართ გაჟღერებული აბსურდული ბრალდებების გამო, თავი შეიკავეს მთლიანი რეზოლუციის მხარდაჭერისგან.
"ჩვენ რაც ვიხილეთ, იყო ცალკეული ჯგუფების მხრიდან პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ გაშლილი ანტიქართული ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად ჩადებულიყო ისეთი ფორმულირებები, რომელიც დააზიანებდა საქართველოს და ქართველ ხალხს.
წინააღმდეგ მივეცით ხმა იმ რეზოლუციას, რომელშიც არის მოწოდებები ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების თემაზე. რამდენიმე დელეგაციასთან ერთად, საქართველო იყო ის დელეგაცია, რომელმაც გამოხატა წინააღმდეგობა სწორედ ამ ჩანაწერების გამო. საერთო ჯამში, ჩვენი დიდი ძალისხმევით, მთლიან დეკლარაციასა და რამდენიმე რეზოლუციაშიც საქართველოსთვის ძალიან პოზიტიური მონაკვეთები და მუხლები ჩაიდო, მაგრამ სწორედაც იმის გამო, რომ ასეთი აბსურდული ბრალდებები გაჟღერდა საქართველოს მიმართ, საუბარია ახალი არჩევნების მოთხოვნისა და პოლიტპატიმრების ნაწილზე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავუჭერდით ამ დეკლარაციას მხარს.
ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოაცურეს რამდენიმე ანტიქართული მუხლი, რის გამოც, საბოლოო ჯამში, თავი შევიკავეთ მთლიანი დეკლარაციის მხარდაჭერისგან," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/319011
