ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რომ მერის არჩევნები მოიგოს - ირაკლი კობახიძე


     "ქართულმა ოცნებამ" 63-ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

     მერობის კანდიდატებს შორის არიან როგორც ახალი სახეები, ასევე მოქმედი მერები და მერის მოვალეობის შემსრულებლები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებენ, რასაც კვლევებიც ადასტურებს და რაც დღეს პარტიის ამოცანაა. 

     "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძე უკვე წარადგინა, ასევე დასახელებულია თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი.

     პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რომ მერის არჩევნები მოიგოს, ერთადერთი რეალური ამოცანა - ეს არის დეპუტატის შეყვანა და, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში.

     "ერთადერთი რეალური ამოცანა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას - ეს არის დეპუტატის შეყვანა და, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. ეს არის აბსოლუტურად რეალური სურათი დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. კიდევ ერთხელ, რაც შეეხება საკრებულოებს, მაქსიმუმ, კონკრეტულმა პარტიამ შეიძლება შექმნას ფრაქცია ამა თუ იმ საკრებულოში. ეს ყველაფერი არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, რომ სწორედ ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმაღთველობის არჩევნების შემდეგაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.