"ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ისვენებენ, მათ ერთი სული აქვთ, რომ საქართველოში ძალადობრივი ქმედებები წაახალისონ და ამით სცადონ ქართველი ხალხის დამარცხება", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
იონათამიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
"მეორე მხრივ, წესით, ამ ყველაფერს უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ ფულთან აქვთ საქმე. ეს ადამიანები ვერ ეშვებიან, ერთის მხრივ, ძალადობის პროპაგანდას და, მეორეს მხრივ, ამ ძალადობის პროპაგანდაზე ფულის კეთებას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ორგანიზაცია IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა. ის საქართველოში 14 აგვისტოდან იმყოფება.
აღნიშნული გეგმის თანახმად, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს პირველ სექტემბრამდე, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს. გეგმაშია 13 სექტემბერს აქციის ჩატარება, რის შემდეგად დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლების შტატებში გამგზავრება, სავარაუდოდ, სწორედ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორთან შესახვედრად.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/322846
