თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ზის სადღაც სხვა ქვეყანაში და დიდ გეგმებს აწყობს - შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე


     გიორგი გახარია გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, რადგან მან მანდატი არ განახორციელა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

     "დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი. ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც გაექცა თავის პარტიას, თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის და რატომ გარბის ვერავისთვის ვერ აუხსნია. გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და იქ თუ აპირებს მონაწილეობას არ ვიცი.

     უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდევ "ყელყელაობს" იქიდან, რაღაცებს საუბრობს, აქ პროექტები უნდა განვახორციელოო, არ ვიცი იქ ენჯეოს თუ აფუძნებ. ადამიანი უბრალოდ ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარა არის, რაც საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ 5 წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთი წარბი და ძარღვი არ შეტოკებია. თქვა 2021 წელს გადადგომის წინ, რომ ის არანაირ ელჩს არ შეხვედრია. შემდეგ რომ ნელ-ნელა კომისიამ შეახსენა სხვადასხვა მტკიცებულება, თქვა, რომ კი შეხვდა ამერიკის ელჩს და ამით დადასტურდა, რომ ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით.

     თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, რომ რაღაცა წარმოაჩინოს, თითქოს ის ზის სადღაც სხვა ქვეყანაში და დიდ გეგმებს აწყობს. სინამდვილეში, ვხედავთ, რომ რაღაც მერკანტილური საკითხებით სხვა უცხო ქვეყნის რეზიდენტობის და ბინადრობის მიღებით, ბინის ქირით და ასეთი საკითხებით არის დაფინანსებული.

     მთავარი კითხვა, რომელიც მას უნდა დაუსვათ და ყველა მედიას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ვისთანაც მას კომუნიკაცია აქვს - რა ფინანსებით ცხოვრობს ის საზღვარგარეთ? ვინ აფინანსებს მის იქ ყოფნას? გვითხრას, რომ დანაზოგი აქვს, აბა, საიდან აქვს ეს დანაზოგი ესეც გვითხრას“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.



წყარო: რუსთავი 2