მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა


     მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, საპარლამენტო დონეზე აქტიურ თანამშრომლობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

     ,,აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას მდიდარი ისტორია აქვს. ეს მეგობრობა საუკუნეებია, გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა დღეს სტრატეგიული ხასიათისაა. მაღალ დონეზეა პოლიტიკური დიალოგი, ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი, გაზის სამხრეთის დერეფანი, ტრანსანატოლიური და ტრანსკასპიური მილსადენების პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლებიც იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს დიდ სარგებელს მოუტანს”, - განაცხადა ოგტაი ასადოვმა.

     საქართველო და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

     პრემიერის შეფასებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად ისტორიული მნიშვნელობის პროექტები განახორციელეს.

     "ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ისტორიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაცია და მიზნად დავისახეთ, მეტი გავაკეთოთ ერთობლივი ეკონომიკური პოტენციალის უფრო უკეთ გამოყენებისთვის. საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საპარალამენტო დონეზე თანამშრომლობას და მოხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა. ჩვენ შეგვიძლია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც აქვს საქართველოს, შევქმნათ ერთობლივი საწარმოები და დამატებითი სამუშაო ადგილები როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

     მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემაზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно