თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.
ამის შესახებ მერმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა", - განაცხადა კახა კალაძემ.
