საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია 4 ოქტომბერს დაანონსებული რადიკალური სცენარისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს და მითითებებს ბაჩო ახალაიასგან იღებს. თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგას.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახალაია ისევე შორს არის მშვიდობიანი აქციისგან, როგორც ბურჭულაძე პოლიტიკისგან. ამიტომ, როგორც ჩანს, ბურჭულაძის პოლიტიკას აღარ ენდობიან და მიმართეს ახალაიას ძალადობრივ პროცესებს, ამჯერად კონსულტაციისთვის.
ამ "დედა ნაცმოძრაობას" და მის ფილიალებს შანსი აქვთ ნულოვანი და ამიტომ ძალადობრივი აქციებისთვის ემზადებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დგას თავის სიმაღლეზე და თუ ვინმეს მოუნდება რაიმე ტიპის გადაცდომა, შესაბამისი რეაგირება იქნება," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "კურიერმა" მოიპოვა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს. "კურიერის" ინფორმაციას არ უარყოფს თავად პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ესაუბრება ყველას, ვინც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მის გეგმას იზიარებს. "კურიერის" ინფორმაციით, მანამდე პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან სახლში იმყოფებოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს.
