ღიად გაცხადებულია, რომ 4 ოქტომბრის აქცია არის მშვიდობიანი, თუმცა მიზნად ისახავს რეჟიმის დასასრულს - ირაკლი ფავლენიშვილი


     „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მხრიდან ღიად გაცხადებულია, რომ იქნება მშვიდობიანი აქცია, „თუმცა აქცია მიზნად ისახავს, რომ მოხდეს რეჟიმის დასასრული“.

     „4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მკაფიო მოწოდება და პოზიცია. არასოდეს არავის მიერ არ ყოფილა ძალადობაზე განცხადება გაკეთებული, ვგულისხმობ ორგანიზატორებს. ახლა სოციალურ ქსელში რა კომენტარი დაიწერება, ამაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზატორებს, რომელიც ჰყავს ამ დღეს, მათ მიერ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომელიც არის საპროტესტო ელექტორატი, ღიად გაცხადებულია, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, თუმცა საკუთარი სიმრავლიდან, მათ შორის რეჟიმის ამ დაქსაქსულობიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს, რომ მოხდეს ამ რეჟიმის დასასრული. ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ჩვენი პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს პოლიტიკური განცხადების გამო, სადაც ის ხსნიდა, რას გულისხმობდა ამ ტერმინში, თუ როგორი ანალოგიები არსებობს როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ისე მეზობელი ქვეყნების ისტორიაში, მშვიდობიანი ისე, რომ თმის ღერი არ ჩამოვარდეს არავის“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

     რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ პროვოკაციები იგეგმება და არავის ურჩევს კანონის დარღვევას, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, შეთქმულების თეორიები და არარსებული მითების შეთხზვა გასაკვირი არ არის.

     „ივანიშვილის ბანდის წევრები ყოველთვის შეთქმულების თეორიებს თხზავენ ხოლმე, როცა არის განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობა, საუბრობენ ხოლმე რაღაც საბურავების რევოლუციაზე, არარსებულ მითებს თხზავენ, ამის გამო ხანდახან გამოძიებას იწყებენ. ახლა უკვე ისე შორს აქვთ შეტოპილი, რომ დაკავებებსაც იწყებენ შეთხზული ბრალდებებით, ამიტომ არცერთი მსგავსი ნარატივი არ გვიკვირს ხოლმე ივანიშვილის ბანდის წევრისგან“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

     ფავლენიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც ძალადობრივს არაფერს მოიცავს.

     „ჩვენთვის ძალიან მისაღები იყო პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის დაანონსებული აქცია და ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი გახდა მათ შორის ამ მოძრაობის, ამ თარიღის ერთ-ერთი მთავარი გამტანი და მთავარი დამლექავი საზოგადოებაში, რადგან ძალიან მარტივად არის ჩვენთვის საქმე. ან მყარდება დიქტატურა და არის ბუნებრივი დედლაინი, მყარდება თუ არ მყარდება ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა, რადგან ვხედავთ, როგორ უფრო და უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი, ან ვეგუებით ამას ან ამ სისტემას არ ვუშვებთ საქართველოში, ვინაიდან საშიში არის ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებისთვის.

     4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მკაფიო გეგმა, რომელზეც საუბრობს პაატა ბურჭულაძე, რომელიც გახლავთ ამ აქციის ორგანიზატორი თავის გუნდთან ერთად. ამ გეგმაში არაფერი ძალადობრივი არ არის. აქ საუბარია მშვიდობიან აქციაზე, რომელსაც ექნება რამდენიმე ლოკაცია. იქნება დადგმული სცენა რამდენიმე ლოკაციაზე და ჩვენი სიმრავლე იქნება ჩვენი ძალა, მათ შორის ის, რომ შიგნიდან არის რეჟიმი მორღვეული. ამიტომ სხვა ყველა ტიპის საუბარი ამ თემაზე უბრალოდ სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.



წყარო: 1 tv