ეხლა იწყებენ ახალ ეტაპს, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული უცხოელებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრებნი - ზაალ ანჯაფარიძე


     4 ოქტომბრის ჩაფლავებული „რევოლუციის“ შემდეგ მოვიძიე თითქმის ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის არცთუ ძალიან საჯარო, ინფორმაცია იმაზე თუ რა მდგომარეობაშია მთლიანად ოპოზიცია და რაც მთავარია, რას აპირებს. ეტყობათ რომ პირველმა შოკმა გაუარათ და ეხლა იწყებენ ახალ ეტაპს. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული უცხოელებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრებნი"- ამის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ,,ფეისბუქზე" წერს.

      მისი თქმით, შემუშავებული აქვთ, კონკრეტული ნარატივების გავრცელების გეგმა, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებენ. 

     ,,ერთერთი მიმართულებაა  - ახალი ნარატივების გავრცელება, რომ თითქოს ამ ადგილობრივი არჩევნებით „ქ/ოცნების“ ლეგიტიმაცია კი არ გაიზარდა არამედ დასუსტდა. იყენებენ თავიანთ ყბადაღებულ არითმეტიკას კალაძის 20%-ზე, ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე და ა.შ.  

      მეორე ნარატივია არჩევნების დელეგიტიმაცია რაკი მათ არ აკვირდებოდა ეუთო/ოდირი და აქაური მდიდარი ენჯეოები. 

      მესამე ნარატივი - „ქ/ოცნების“ დადანაშაულება მზარდ რეპრესიებში (მათი გაგებით - პუტჩის ორგანიზატორ-მონაწილეებს არ უნდა შეხებოდნენ). 

      მეოთხე ნარატივი - ახალგაზრდა რადიკალური ჯგუფების აქტიურობის შენარჩუნება, 4 ოქტომბრის მარცხის შემდეგაც. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ 4 ოქტომბრის ფიასკოს შემდეგ დასავლეთში უკვე უჭირთ იმის გარკვევა ვის უნდა ესაუბრონ ოპოზიციურ ბანაკში.

     გაანალიზებული მასალიდან გამომდინარეობს, რომ ოპოზიციას  ერთ-ერთი უახლოეს ამოცანად უსახავენ, სწორედ ნარატივების ბრძოლის მოგებას „ქ/ოცნებისთვის“ როგორც ადგილზე ისე საზღვარგარეთ. 

     კერძოდ, ისეთი პიარულად დახვეწილი ნარატივების შექმნას, რომლებიც მათ მომხრეებს ბრძოლის გაგრძელების ჟინს გაუღვივებს. ამისთვის აპირებენ ასევე ცნობადი სახეების მოზიდვას გავლენის გაძლიერების მიზნით. 

     აპირებენ მკაცრად მოითხოვონ ოპოზიციური პარტიების მიერ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების და მწვავე ურთიერთშეფასებების აკრძალვა, და სამაგიეროდ იმაზე ფოკუსირება თუ რას აკეთებენ

     ხალხისთვის მუდმივად იმის შეხსენება თუ რამდენი მოუგვარებელი პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე დისკუსიების გამართვა ყველგან სადაც კი ხმა მიუწვდებათ.

     ოპოზიციური სპექტრის გადაჯგუფება და ახალი სტრატეგიის შემუშავება საკუთარი თავისთვის და უცხოელ პარტნიორებთან წარსადგენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად საუბარია, ე.წ. „ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტზე.“

     ოპოზიციას ურჩევენ ამოიღოს მაქსიმალური სარგებელი უკვე არსებული ადგილობრივი რესურსებისგან, და არ ელოდოს გარე დარტყმებს რაც „ქ/ოცნების“ ხელისუფლებას შეიძლება მიადგეს. 

     ერთი უცხოელი მრჩეველი წერს: გაამრავლეთ რუსთაველზე გამოსული ხალხის რაოდენობა სამ საათზე, რასაც ისინი საშუალოდ ხარჯავენ რომ მივიდნენ იქ, დაჰყონ გარკვეული ხანი და დაბრუნდნენ უკან. მისი გათვლით, თუ რუსთაველზე დგას 300 ადამიანი, გამოდის  დაახლოებით 1000 საათი. მას მიაჩნია, რომ ეს დრო შეიძლებოდა ისეთ რამეებზე დახარჯულიყო რაც შედეგს მოიტანდა"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.