ჩვენ მიტინგზე არ მივდივართ, მივდივართ სასამართლოში. "ნაციონალები" წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში, წააგებენ - თენგიზ შარმანაშვილი


     მმართველი გუნდის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შედის. უახლოეს პერიოდში, სასამართლოს პარლამენტი გაუგზავნის დოკუმენტს, რომელშიც იქნება მოთხოვნა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ.

     სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ პარტიებთან ერთად პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ კონკრეტულ პირებსაც.

     "ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლებრივი კატეგორიებით, თორემ არალეგალური ორგანიზაციები (მაგალითად, "ალ ქაიდა" და სხვა ტიპის ორგანიზაციები) დღესაც არსებობს. ასეთი ფორმით თუ უნდათ რაღაც რევოლუციური, იატაკქვეშა ორგანიზაციების შექმნა... სხვათა შორის, სტამბა არსებობდა ავლაბარში, მგონი, ახლა იქ მუზეუმია და შეგვიძლია, გადავცეთ ცოტა ხნით... არავის არ სჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როდესაც საქმე სამართალთან გვაქვს. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყოველი კონკრეტული ფაქტი მტკიცებულებით არის გამყარებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელიც. ჩვენ მიტინგზე არ მივდივართ, მივდივართ სასამართლოში. "ნაციონალები" წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში, წააგებენ... წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში, წააგებენ... ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. იქ [სასამართლოში] მივალთ სამართლებრივად გამართული დოკუმენტით," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი.



წყარო: რუსთავი 2