უკვე მიჩვეული ვართ, რომ უცხოელი პატრონების გარეშე არცერთ ნაბიჯს არ დგამენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოშიც კი ვერ წასულა ისე, რომ გარეთ არ დაეკითხოს აზრს და მათი ნებართვით არ მიიღონ გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ჯგუფები უცხოეთის დაკვეთით მოქმედებენ. ლევან მახაშვილის განმარტებით, აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ახლა აღმოაჩინეს, თურმე საქართველოში სასამართლოები არსებობს.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს ეძებს.
„ეს არაფერში ჯდება. მათი წინა ნაბიჯებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივი იყო, რომ არც გაგვკვირვებია. დაკვეთას თუ მისცემენ, სარჩელს სასამართლოში შეიტანენ. გასაგებია, რომ მოთხოვნა უცხოეთიდან მიიღეს, მათი ჩვევაა, მათ გარეშე ნაბიჯებს არ დგამენ. აქ სხვა რამეა მთავარი. თურმე, სასამართლოში წასვლა ახლა მოინდომეს და აქამდე რას აკეთებდნენ? ახლა აღმოაჩინეს, თურმე საქართველოში სასამართლოები არსებობს, თუ დავაა, სასამართლოში უნდა იდავო და ქუჩაში ის ჯოჯოხეთი არ მოაწყონ, რასაც აწყობდნენ? რასაც ვხედავთ, არის სრული კრიზისიდან და ფსკერიდან გამოსავლის ძიება, როგორ შეიძლება, გამოსავალი იპოვონ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ. ამ ვითარებიდან რადიკალური ჯგუფების ცივილურად გამოსვლის გზა არ არსებობს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით, იწყებენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ავტორი - თეონა მანაგაძე

















