სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს, რომ აერიათ ქვეყანა, უკრაინელ ხალხს ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ - შალვა პაპუაშვილი


     "ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია", - ამ შეფასებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

      პოდოლიაკის განცხადებით: "მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია".

      "საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის კაბინეტში უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას გვერდში უდგანან, იმ ხელისუფლებების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატონ და არ გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ გამოირჩევა უმადურობით. იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ასეთი პასუხი, რომ აქ ჯერ სააკაშვილი შემოგვიპარეს და შემდეგ, მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებით ცდილობდნენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევეყვანეთ, უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაგვესეირნა და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს. აქ პრობლემა კონკრეტულად ამ ადამიანში კი არ არის, აქ პრობლემაა იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის დროშების ფრიალით არის დაკავებული და გახსოვთ, მათთვის, ალბათ, დღემდე სანუკვარ ხელმძღვანელებად ეს ადამიანები ხდებიან, მათ შორის საქართველოში. არაფერი მაქვს სათქმელი იმის გარდა, რომ უკრაინას მშვიდობას და უკრაინელ ხალხს ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

      პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით არჩევნების წინ შემოაპარეს იმისთვის, რომ აერიათ ქვეყანა და იმისთვის, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ.

      "ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს - აბა, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? ვიცით, და მხილებულია იმ ადამიანის მხრიდან, ვინც მის ტრანსპორტირებას ახდენდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში მისი შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო თუ კონტრდაზვერვის სამსახურის, მისი ხელმძღვანელის - გია ლორთქიფანიძის მიერ.

      სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით არჩევნების წინ შემოაპარეს იმისთვის, რომ აერიათ ქვეყანა და იმისთვის, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.