ამდენი ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადებებით ძალიან შეშფოთებული ვარ. ანტიევროპულ განცხადებებს აშშ-ის პრეზიდენტი აკეთებს, რომ ევროპაში ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს, რადგან ევროპა უსამართლოდ იქცევა და ევრობიუროკრატიაში უსამართლო წესებია. თავის მხრივ, ანტიამერიკული განცხადებები ევრობიუროკრატიაში კეთდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ე.წ. ენჯეო სად არის, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები სად არიან, როდესაც ამდენი ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადება კეთდება?
„კოშტამ თქვა, ამერიკამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. კაია კალასმა განაცხადა, თურმე სხვა ქვეყნების საქმეში არ ერევიან და ამერიკა თავისი საქმეებით უნდა დაკავდეს. უფრო მეტიც, კაია კალასს ამერიკული სისტემის მიმართ შენიშვნები აქვს. მაინტერესებს, საქართველოში ე.წ. ენჯეო სად არის, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები სად არიან, როცა ამდენი ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადება კეთდება? ჩვენ რა ვქნათ, რომელი მხარე ავირჩიოთ, ამერიკული თუ ევროპული? გამოვიდნენ, თქვან, ვინ არის მართალი, კოშტა თუ ტრამპი, კალასი თუ რუბიო? ორივე მართალი ვერ იქნება. ასე იცის უსამართლობამ, ევროპას სამართლიანობის ურემი მიადგათ. ასეა, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. სამართლიანობა ნელა დადის, მაგრამ მაინც დადის. ევროპაში ამბობენ, თურმე როგორ გაბედა ამერიკამ და ევროპულ საქმეებში ჩაერია. ამ დროს ევრობიუროკრატიიდან საქართველოში იმას გვკარნახობენ, რომელი კანონი მივიღოთ და რომელი გავაუქმოთ. ამას რეზოლუციების დონეზე გვეუბნებოდნენ და ახლა ეს ხალხი ამბობს, რომ თურმე სხვის საქმეში არ ერევიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წყარო: 1 tv

















