ცდილობდნენ, პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ, თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ცდილობდნენ, პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ.
"ზოგიერთს ჰგონია, პატარები რომ ვართ, ყველაფრის დაბრალება შეიძლება. საქმე საქმეზე რომ მიდგა და დიდთან, აშშ-სთან გაუხდათ საქმე დასაჭერი, ვხედავთ, რა სცენა დაიდგა აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მაგიდასთან იჯდა, ხოლო მეორე მხარეს ჩამწკრივებული იყვნენ ევროპელი ლიდერები. ვფიქრობ, ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს – სად მიიყვანეს ევროპელმა ლიდერებმა ორგანიზაცია, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ერთ დროს იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა – 25% ჰქონდა და დღეს არის ჩამოსული 14%-15%-მდე. ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ევროკავშირის ხელმძღვანელობა, როგორც ლიდერშიპი, ისე ლიდერები ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში, რომლებსაც რეალური პოლიტიკური გავლენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირი რომ ცდილობდა ჩვენს გაჩუმებას, რათა კრიტიკა არ გასულიყო მათ მოქალაქეებში, ანტიდემოკრატიულობას და ანტიევროპულობას გვაბრალებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკა. ცდილობდნენ, პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. ახლა თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინაშე იყენებდნენ. რამდენიმე წელია, ამაზე ვსაუბრობთ, ამ მხილების გამო ვიტანთ ზეწოლას და თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან და დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია. ვეღარავინ ბედავს მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. რამდენიმე დღეა, ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ, ჩვენ გავეკრიტიკებინეთ? იციან, იტყვიან რაღაცას, გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მერე მათ", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
















