საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, "სტრატეგიული დისკუსიის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში მედეგობის მიღწევის მექანიზმებზე ისაუბრა და ამ პროცესში პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ მედეგობაზე, ამ მომენტში ვიძენთ უნარს გვერდზე გადავდოთ განსხვავებები, პოლიტიკური შეხედულებები და გავერთიანდეთ ქვეყნის დაცვისათვის, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რომელებიც მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვის პროცესში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არის პროცესები, როცა თითოეულმა მოქალაქემ, არა მხოლოდ პატრიოტიზმით - არამედ მეტი ინფორმირებულობით უნდა იცოდეს რა პოზიცია უნდა დაიკავოს.
"მოქალაქეთა ინფორმირებულობა ძლიერი იარაღია - მნიშვნელოვანია ავაგოთ ეფექტური კომუნიკაციური ჯაჭვი მოქალაქეებს, პოლიტიკურ, სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული სახელმწიფოა, ეს ჩვენი სიძლიერის ნაწილია, დავრჩეთ დამოუკიდებელ ერად. უნდა ამოვიდეთ მთავარი პოსტულატიდან - ომს არ იგებენ მხოლოდ არმიები - ომს იგებს არმია და საზოგადოება ერთად.
ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ არმიისა და საზოგადოების ერთიანობა - როგორ გავიაზროთ ჩვენი როლი და ავამაღლოთ ჩვენი მედეგობა შესაძლო გართულებებთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა ერთიან ეროვნულ მიდგომაზე და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გახსნან შესაძლებლობა, რომ საზოგადოება სხვადასხვა ფორმით ჩადგეს ქვეყნის სამსახურში.
"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდეს, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ერთიანობას, ამ შემთხვევაში, წითელი ხაზები არავინ გადალახოს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.