მექსიკის ხელისუფლებამ ასობით მიგრანტს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა. როგორც „ფრანს პრესი" იუწყება, მექსიკის მთავრობამ ქალებსა და ბავშვებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა. მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მიემართებიან, მექსიკაში, დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მექსიკისა და გვატემალის საზღვარზე ჰონდურასიდან მომავალი ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათ მექსიკის საზღვრის გადაკვეთა თვითნებურად სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. დაშავდა ექვსი პოლიციელი. მექსიკაში შეღწევა 650-მა მიგრანტმა შეძლო. ნაწილმა საზღვარზე გამავალი მდინარე გადაცურა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და მიგრანტებმა უკან დაიხიეს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონდურასის, სალვადორის და გვატემალის მთავრობა გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნებს ფინანსურად აღარ დაეხმარება, თუ ისინი არალეგალური მიგრაციის პრობლემას არ მოაგვარებენ. სამივე ქვეყნის ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აშშ-ისკენ მიმავალ „მიგრანტების ქარავანს" არ შეუერთდნენ. მიგრანტების ნაწილი საზღვრიდან უკან ავტობუსებით გააბრუნეს. მიუხედავად ამისა, მექსიკის საზღვარზე ათასობით არალეგალი მაინც რჩება.
წყარო: https://1tv.ge/news/meqsikis-khelisuflebam-ashsh-isken-mimavali-migranti-qalebi-da-bavshvebi-qveyanashi-sheushva/
