შავ ზღვაში მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს


     შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემი, რომელიც მათი აზრით, 2400 წლისაა.

     მკვლევართა ვარაუდით, თითქმის ხელუხლებელი 23-მეტრიანი ხომალდი ძველბერძნულია. შენარჩუნებული აქვს ანძა, საჭეები და ნიჩბების ჩამოსადებები. გემი ზედაპირიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე, ბულგარეთის სანაპიროს სიახლოვეს აღმოაჩინეს. მკვლევართა თქმით, ასე კარგად ის ამ სიღრმეზე ჟანგბადის ნაკლებობამ შეინახა.

     შავი ზღვის არქეოლოგიის პროექტის მკვლევრის, პროფესორ ჯონ ადამსის განცხადებით, გემი ხელუხლებელი გადაურჩა კლასიკურ სამყაროს. როგორც იგი აღნიშნავს, ასეთი რამის არსებობა ვერასოდეს წარმოედგინა.

     „ეს აღმოჩენა შეცვლის უძველეს მსოფლიოში გემთმშენებლობასა და მეზღვაურობასთან დაკავშირებით არსებულ ჩვენეულ გაგებას", — ამბობს ადამსი.

     სავარაუდოდ, ეს გემი იმ ტიპის სავაჭრო ხომალდი იყო, რომლის მსგავსიც მკვლევრებს აქამდე მხოლოდ ძველბერძნულ კერამიკაზე ჰქონდათ ნანახი.

     ჯგუფის განცხადებით, გემი მათ აღმოჩენის ადგილზევე დატოვეს, თუმცა, მცირე ნიმუში აიღეს რადიონახშირბადული დათარიღებისთვის. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ ის კაცობრიობისთვის ცნობილი უძველესი ჩაძირული გემია, რომელიც ამ დრომდე ხელუხლებლადა არის შენახული.

     მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი შავი ზღვის სიღრმეებს სამ წელზე მეტია იკვლევს. მათი მიზანი პრეისტორიულ ეპოქაში ზღვის დონის ცვლილების გავლენის დადგენაა, მაგრამ ამ დრომდე, უკვე აღმოაჩინეს 60-ზე მეტი ჩაძირული გემი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/shav-zghvashi-msoflioshi-udzvelesi-chadziruli-gemi-aghmoachines/