არსებობს ქვეყნები, რომლებიც უჩვეულო კულტურით გამოირჩევიან. არ უნდა გაგვიკვირდეს თუ განსხვავება კერძების დამზადების წესებსაც ეხება, როგორც კულტურა და ტრადიციებია მრავალფეროვანი, ასევეა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს წეს–ჩვეულებანი. თუმცა არსებობს კერძების დამზადების ისეთი წესები, რომელიც ნამდვილ შოკში ჩაგაგდებთ…
,,ასი წლის კვერცხი" – ამ ინგრედიენტს ჩინურ სამზარეულოში სალათებსა და სხვადასხვა კერძებში იყენებენ. მისი მომზადების დროს იხვის, ქათმის, მწყრის კვერცხის გული მუქი მწვანე ან რუხი ფერის ხდება, კრემისნაირ კონსისტენციას იძენს, რის გამოც გოგირდის და ამონიუმის სუნი ასდის. რაც შეეხება ცილას, იგი მუქი ყავისფერი ნახევრად გამჭირვალე და ჟელესმაგვარია. ასეთი ცვლილებები კვერცხის рН–ის განზრახ გაზრდასა და მასში ნატრიუმის მომატების წყალობით ხდება. ტრადიციული მომზადების მიხედვით რეზინის ხელთათმანებით ტუტოვანი თიხის, ნაცრის, კირის და ზღვის მარილის
ნაზავს თითოეულ კვერცხს უსვამენ შემდეგ, კი ბრინჯის ფერფლში ავლებენ. მომზადებულ კვერცხებს ქილაში ან მჭიდროდ დაწნულ კალათაში ალაგებენ, ზემოდან ნაჭერს აფარებენ და რამოდენიმე თვის განმავლობაში ინახავენ, სანამ წასმული მასა მთლიანად არ გამკვრივდება. ამის შემდეგ „ასი წლის კვერცხს” გაფცქვნიან და საკვებად გამოიყენებენ. მიაჩნიათ, რომ კვერცხის ასეთი მომზადების წესი მისი შენახვის აუცილებლობითაა ნაკარნახევი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ეს უჩვეულო რეცეპტი დაახლოებით 600 წლის წინ ჰუნანის პროვინციაში, მინების დინასტიის მმართველობის დროს გაჩნდა (1368–1662 წწ.) ასეთი შენახვის შედეგად ზოგიერთი კვერცხის ცილაზე ნაძვის ტოტის მსგავსი ნახატი ჩნდება.
,,ფრინველთა ბუდეები” – ცხოველური წარმომავლობის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია, აზიის ქვეყნებში ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 2500$ შეადგენს. საკვებად ვარგის ბუდეებს ძირითად ორი სახეობის ნამგალა ჩიტები აშენებენ. ჭიქის მაგვარი ფორმის ბუდეებს ნერწყვისგან ამზადებენ, რომლებსაც კლდის პირას ამაგრებენ. მათი ნერწყვი მდიდარია კალციუმით, რკინით, კალიუმითა და მაგნიუმით. ამიტომაც, საკვებად ვარგისი ბუდეები აუმჯობესებენ საკვების მონელებას, აძლიერებენ ყურადღების კონცენტრაციას და ზოგადად დადებითად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე. დღესდღეობით ბუდეების უმსხვილესი იმპორტიორები აშშ და ჰონკონგია. აღსანიშნავია, რომ ერთი ჯამი ფრინველის ბუდისგან მომზადებული წვნიანის ფასი 30–100$, თეთრი ბუდეების დაახლოებით 2000$ აღწევს, ხოლო წითელი ბუდეების – 10 000$. ამ უკანასკნელებს მხოლოდ ტაილანდის ცარცოვან კლდეებში მოიპოვებენ. ჩინურ სამზარეულოში ბუდეების გამოყენება უკვე 400 წელზე მეტს ითვლის. იყენებენ, როგორც წვნიანის ინგრედიენტს, ამზადებენ ბრინჯთან, ამატებენ ნამცვხარში და სხვა დესერტებში.
„სპილოს შავი ძვალი”- ასე უწოდებენ ყავის სახეობას, რომელსაც მხოლოდ ტაილანდის ჩრდილოეთში კომპანია Black Ivory Coffee Company Ltd აწარმოებს. ამ ყავის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მას სპილოს კუჭში ამზადებენ. სპილოები არავიული ყავის მარცვლებს მიირთმევენ. მათი კუჭის წვენი ყავას სპეციფიურ გემოს სძენს. 15–17 საათის შემდეგ ყავა სპილოს ფეკალიებთან ერთად გამოდის, ასუფთავებენ და გასაყიდად ამზადებენ. ყავის მომზადებაში ფონდ Golden Triangle Asian Elephant Foundation –ის ოცამდე სპილო მონაწილეობს. მზა ყავას კომპანია Black Ivory Coffee Company Ltd – ში აგზავნიან, რომელიც თავის მხრივ გაყიდული ყავისგან მიღებულ მოგების 8% ფონდში რიცხავს. დღესდღეობით ეს ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავის სახეობაა მსოფლიოში. ერთი კილოგრამი ყავის ფასი საშუალოდ 1100$ შედგენს. ფასს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ–ერთი მათგანი სპილოების მადაა. 33 კილო ყავის მარცვლისგან მხოლოდ 1 კილო „სპილოს შავი ძვლის" პროდუქცია გამოდის, რადგან მარცვლების უმეტესობა ღეჭვის დროს დაზიანებულია, ამასთანავე ფეკალიებთან ერთად გამოსული მარცვლების მოძებნა ძალიან რთულია. ვეტერინარები ამტკიცებენ, რომ კოფეინი სპილოებზე მავნე ზემოქმედებას არ ახდენს, რადგან მათი კუჭი კოფეინს არ იწოვს.
,,კასუ მარცუ” – ტრადიციული სარდინიული ყველია, რომელსაც ცხვრის რძით ამზადებენ. განსაკუთრებული კი იმიტომაა, რომ მასში ცოცხალი მატლები ბუდობენ. ყველის შემქმნელები ჯოვანი გაბასა და ენდრიუ ციმერნი მის გემოს „ძალზე ამონიზირებულს" უწოდებენ, რადგან მისი დამგემოვნებელი ენის წვას გრძნობს. კასუ მარცუს შემდეგნაირად ამზადებენ: ყველს ქერქს ნაწილობრივ აცლიან, რომ ყველის ბუზმა შეძლოს მასში კვერცხების დადება, ხოლო გამოჩეკილ მატლს ყველის სიღრმეში გზის გაკვლევა არ გაუჭირდეს. მატლის მონელების სისტემიდან გამოყოფილი მჟავა ცხიმს ხსნის და ყველი რბილი ხდება. როდესაც ყველი მზად იქნება, მასში უკვე ათასობით მატლია. მზა ყველიდან, კი სითხე გადმოდის, რომელსაც ცრემლს ეძახიან. დაახლოებით 8 მმ სიგრძის თეთრი ფერის, ნახევრად გამჭვირვალეა. ყველის დაჭრისას მატლები შესაძლოა 15 სმ მანძილზე გადახტნენ. ზოგიერთი კასუ მარცუს მატლიანად ჭამს. როგორც წესი ამ ყველს სარდინიულ დამბალ პურთან pane carasau–სთან და მაგარ წითელ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. ევროპაში კასუ მარცუს გარდა მატლიანი ყველის სხვა სახეობებიც არსებობს, ასეთია თხის რძის ყველი, ბუზის მატლებით რომელსაც თეთრ ღვინოსა და თაფლში დებენ. ასევე გერმანული ყველი Milbenkäse და ფრანგული ყველი Mimolette, რომლებიც ყველის ცოცხალი ბაღლინჯოს დახმარებით მზადდება.
,,ტუნცძიდანი” – ჩინური პროვინცია ჩჟეცძიანის ტრადიციული დელიკატესია, იგი ბიჭების შარდში მომზადებული კვერცხებია. ყოველ წელს ტუნცძიდანის მწარმოებლები სკოლის ტუალეტებიდან 10 წლამდე ბიჭების შარდს აგროვებენ, მასში ალბობენ და ხარშავენ კვერცხებს. ნაჭუჭის გასკდომის შემდეგ, კვერცხების ხარშვას დაბალ ცეცხლზე განაგრძობენ. ტუნცძიდანის მომზადებას მთელი დღე სჭირდება, მაგრამ ასეთი კვერცხი ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი. პროვინციის მკვიდრებს სწამთ, რომ ტუნცძიდანი სიცხეს დაბლა სწევს და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თუმცა ზოგიერთ ექიმს მიაჩნია, რომ შარდს არანაირი მარგებელი თვისებები არ გააჩნია, რადგან ის ორგანიზმის ნარჩენია. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ტუნცძიდანი პროვინცია ჩჟეცძიანის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად ცნეს.
„მყრალი თავები" – სანამ პროდუქტების შენახვის თანამედროვე მეთოდებს გამოიგონებდნენ, არსებობდა ფერმენტაცია ანუ დუღილი. თევზს ამ მეთოდით სხვადასხვა ქვეყნებში ინახავდნენ. თევზის ქსოვილებში მჟავიანობის მომატების წყალობით მიკრობები ვეღარ მრავლდებოდნენ, რაც თევზს საკვებად
გამოსადეგ მდგომარეობას უნარჩუნებდა. ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დღესაც იყენებს ფერმენტაციის მეთოდს. მაგალითად, დასავლეთ ალასკის და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ადგილობრივი მოსახლეობა ორაგულის ოჯახის თავებს აფერმენტებენ. ისინი თევზის თავებს და ხანდახან ნაწლავებსაც ხის კასრში ათავსებენ და ტილოში გახვეულს ერთი კვირით მიწაში მარხავენ. მზა თავებს სიდამპლის სპეციფიური სუნი აქვს, რის გამოც ,,მყრალი თავები" უწოდეს.
წყარო: http://www.nat-geo.ru/article/4420-shest-neobyichnyih-delikatesov/part/full/#ixzz35qTJ4s2a