ზამთრის შუალედური სამთო კურსი დასრულდა


      პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ, სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და სამთო კურსის უფროსმა, უფროსმა-ლეიტენანტმა ცოტნე კვარაცხელიამ მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. კურსის გამოშვების ცერემონიალს ლატვიის თავდაცვის ატაშეც დაესწრო.

     ზამთრის შუალედურ სამთო კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილმა სამხედროებმა თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა შეისწავლეს. კურსის ფარგლებში მათ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა მოუწიათ. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც მოუხდათ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს.

     შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно