სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს


     სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

     ტელეკომპანია „სიენენის" ცნობით, სავარაუდოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილმა ხუთმა შეიარაღებულმა ნავმა ბრიტანული ნავთობმზიდის „ბრითის ჰერითიჯის" ბლოკირება და დაკავება სცადა. ტელეკომპანიის წყაროს ვერსიით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერს კურსის შეცვლა და ირანის ტერიტორიულ წყლებში გაჩერება მოსთხოვეს. „სიენენის" ცნობით, ინციდენტის ამსახველი ვიდეო ამერიკული თვითმფრინავიდან გადაიღეს.

     ბრიტანულ ტანკერს თან ახლდა რაკეტებით აღჭურვილი  ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა.  დიდი ბრიტანეთის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

     ინციდენტი სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესთან მოხდა.

     შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ ლონდონი ირანული ტანკერის დაკავებაზე პასუხს აგებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv