საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით", – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.