ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თავიდანვე აღვნიშნავ, რომ „რუსთავი 2" კი არა, „სიენენი" და „ბიბისიც" რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა შეკვეთებზე მომუშავე ცნობილმა მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც ივანიშვილმა იქ ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად შეუშვა. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ამასთან, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება შეიტანა. სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა. რამდენიმე საათის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქიბარ ხალვაშს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" დაურეგისტრირა.
წყარო: 1tv