საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ტუსკის პირად წვლილს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული ის დინამიკური პროგრესი, რომელიც გასულ წელს ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოიხატა, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმებსა და ასევე რეფორმებს სექტორულ სფეროებში.