„მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას" –რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირიკაშვილის მიმართვას უპასუხა


     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს.

     როგორც ლავროვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ,,რუსეთი თავად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში."
    
     „მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.

     გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა, ბადებს მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს.

     დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

     შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და რომლებიც ორმხრივი, რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ასევე  ეხება საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ბოლოდროინდელ სამწუხარო ინციდენტს", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.