ოპოზიციაში არის არეულობა და ამის ერთ-ერთი წყაროა თავად მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოსვლის დაპირებას იძლეოდა, შემდეგ კი დაბრუნების დროდ ნოემბერი დაასახელა.
„მიხეილ სააკაშვილი ჯერ არჩევნებამდე ჩამოსვლას გვპირდებოდა, შემდეგ თავად განაცხადა, რომ ნოემბერში ჩამოდის, რაც ძალიან მძიმე უკან დახევა იყო. პოლიტიკოსები ასეთ მძიმე შეცდომებს არ უშვებენ. ეს შეცდომაც არ იყო, ეს მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციაში არის არეულობა და ამის ერთ-ერთი წყაროა თავად მიხეილ სააკაშვილი" – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის კორუმპირებულობის შესახებ ახალ ინფორმაციებს უკრაინული წყაროებიდანაც იღებენ.
„რაც შეეხება მის კორუმპირებულობას, ყველაფერი იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუმცა საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს უკრაინული წყაროებიდანაც ვიღებთ. სწორედ სააკაშვილი რომ იყო იმ კორუმპირებული სისტემის შემოქმედი, რომელიც საქართველოში ცხრა წლის მანძილზე ფუნქციონირებდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.