,,წმინდა ნინო დღესაც აგრძელებს ჩვენი ერის მოქცევას"- მეუფე შიო


     წმინდა ნინო არის განსაკუთრებულად გამორჩეული, განსაკუთრებით ბრწყინავს, ვინაიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოირჩია განსაკუთრებული, სამოციქულო ღვაწლისთვის, რათა მისი წილხვდომილი ქვეყანა, საქართველო, მოექცია თავის ქადაგებით და სულის გადარჩენის გზაზე დაეყენებინა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებული ღვთისმსახურების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

     საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შეკრებილებს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.

     „ეს არის ნამდვილად ეროვნული დღესასწაული და უდიდესი სასწაული, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ვინაიდან წმინდა ნინოს ღვაწლმა, მისმა ქადაგებამ განაპირობა ჩვენი ერის მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სულიერი გადარჩენის გზაზე დადგომა და განაპირობა ჩვენი ერის მთელი შემდგომი ისტორია, ჩვენი ვინაობის, ჩვენი აზროვნების, ჩვენი კულტურის ჩამოყალიბება. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე): „მთელი ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენი დიდებული წინაპრების სასწაულთმოქმედი მხნეობა, სიმხნევე, თავდადება და ვაჟკაცობა, სულ იმ ნათლით იყო გასხივოსნებული და იმ შარავანდედით მოსილი, რომელიც ძელმა ჭეშმარიტებისამ, წმინდა ნინოს ღვაწლით და მადლით აღმართულმა, მოჰფინა მთელ ჩვენს ქვეყანასა“. ასეთ სიტყვებს ბრძანებს წმინდა ილია მართალი.

    და აი, წმინდა ნინოს ხსენებაზე ყოველთვის იკითხება სახარებიდან იგავი ათი ქალწულის შესახებ, ვინაიდან იგი იყო ნამდვილად განსახიერება ბრძენი ქალწულისა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენი ერის მოქცევას, სულიერ განათლებას და ჩვენს გადარჩენას.

     ამ იგავში, როგორც გახსოვთ, ხუთი ქალწული არის ბრძენი, ხოლო ხუთი – სულელი. ისინი გადიან სიძის შესახვედრად. გონიერ ქალწულებს ლამპრები ანთებული აქვთ და მათ თან ჰქონდათ მომარაგებული ზეთიც ამ ლამპრებისთვის, ხოლო სულელი ქალწულები გადიან სიძის შესახვედრად ცარიელი ლამპრებით და ამიტომ საქორწილო ნადიმზე ვეღარ ხვდებიან.

     აი, ამ იგავში, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი იესო ქრისტე ჩვენ მოგვითხრობს მთავარს ამ ცხოვრებაში, რომ ყველა ადამიანს მოუწევს უფალთან შეხვედრა გარდაცვალების ჟამს და როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ეს ზეთი, რომელიც თან ჰქონდათ გონიერ ქალწულებს და მოაკლდათ უგუნურ ქალწულებს, არის ჩვენი კეთილი საქმეები, არის სულიწმიდის მადლი, რომელიც ადამიანმა უნდა მოიხვეჭოს, არის მოწყალება. სხვადასხვაგვარად განიმარტება: ან თუ გნებავთ, ეს არის ტალანტები, რომლებზეც, როგორც გახსოვთ, სხვა იგავში საუბრობს უფალი იესო ქრისტე. მოკლედ, ამ იგავში საუბარი იმაზეა, რომ ადამიანმა უნდა ანგარიში ჩააბაროს ღმერთს მასთან შეხვედრის ჟამს, თავისი კეთილი საქმეებისა და თავისი სათნოებების გამო, რომლებიც მან მოიხვეჭა თავის ცხოვრებაში.

     ყველა ჩვენგანს განეკუთვნება ეს იგავი, ჩვენთვის საუბრობს უფალი იესო ქრისტე, ჩვენც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ეს შეკითხვები: სად არის ეს ჩემი სათნოებების ზეთი? მაქვს თუ არა ის მოხვეჭილი? რით შევავსებ ჩემი სულის ლამპარს, როდესაც მომიწევს შეხვედრა უფალთან ზეცაში? გავამრავლე მე ის სულიერი, ინტელექტუალური, თუ გნებავთ, მატერიალური შესაძლებლობები და ნიჭები და ტალანტები, რომლებიც მომცა უფალმა? ჩემი ცხოვრებით, ჩემი საქმიანობით იმატა სიკეთემ ამ ქვეყანაზე? აი, ეს შეკითხვებია, რომლებიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ, იმიტომ, რომ, ვიმეორებ, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა და ანგარიშის მიგება ამაზე. და ასევე, ჩვენ სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ ჩვენი თავიც და ჩვენი ცხოვრებაც. არა იმით, რას ამბობენ ჩვენზე სხვები, მაგალითად, კარგს, არა იმის მიხედვით, რამდენად ცნობილი ვართ ქვეყანაში, ეკლესიაში თუ საზოგადოებაში, არც იმის მიხედვით, რა თანამდებობა გვაქვს, თუ რამდენად მდიდრები ვართ, რა მიღწევები გვაქვს ამა თუ იმ სფეროში, არამედ ჩვენი თავი უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რა სიკეთე გავუკეთე მე ადამიანებს, მაქვს თუ არა მოხვეჭილი ღმერთისთვის მოსაწონი თვისებები, რომლებსაც ეწოდებათ სათნოებები.

     აი, ასე, ძვირფასო ძმებო და დებო, და ვეცადოთ, რომ გონივრულად გავიაზროთ ეს იგავი და საკუთარ თავს მსჯავრი ჩვენ თვითონვე გამოვუტანოთ. იმიტომ, რომ თუ ჩვენ კეთილსინდისიერად განვსჯით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს თავს, მაშინ ჩვენი მსჯავრი დაემთხვევა ღმერთის სამსჯავროს. ამიტომ გვირჩევნია, დღეს ჩვენ თვითონვე განვსაჯოთ ჩვენი თავი, ვიდრე შემდგომში საღვთო მსაჯულისგან მოვისმინოთ ის განაჩენი, რომელიც მოისმინეს უგუნურმა ქალწულებმა სიძისგან. გახსოვთ, რა უთხრა ამ იგავში სიძემ უგუნურ ქალწულებს? „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ““, – განაცხადა მეუფე შიომ.

     მისივე თქმით, წმინდა ნინო იყო სწორედ ასეთი ბრძენი ქალწული.

    „და აი, წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო იყო სწორედ ასეთი ბრძენი ქალწული, რომელსაც თავისი სულის ლამპარი მუდამ სავსე ჰქონდა სათნოებების ზეთით. ჩვენს ისტორიაში მრავლად იყვნენ ასეთი მოღვაწეები, რომლებიც ასე ბრწყინავდნენ სათნოებებით და მთელი არსებით ემსახურებოდნენ ქრისტეს და მის მიერ დაარსებულ წმინდა ეკლესიას, მაგრამ მათ შორისაც კი წმინდა მოციქულთა სწორი ნინო არის განსაკუთრებულად გამორჩეული. განსაკუთრებით ბრწყინავს, ვინაიდან იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოირჩია განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სამოციქულო ღვაწლისთვის, რათა მისი წილხვდომილი ქვეყანა, საქართველო, მოექცია თავისი ქადაგებით და სულის გადარჩენის გზაზე დაეყენებინა. და ჩვენ დღეს ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ დიდი სასწაულისა და ამ დიდი მადლისთვის.

    და აი, დღეს ეს იგავი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, სრულდება ასეთი სიტყვებით: „ამიტომ იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე და არც ჟამი, როდესაც ძე კაცისა უნდა მოვიდეს“.

    ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვიფხიზლოთ, რომ ჩვენც, წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს ჩვენი სულის ლამპრები ანთებული, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ ღმერთისგან მარადიულ სიკეთეებს.

    გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეს შესანიშნავი დღე. მას უთქვამს, რომ წმინდა ნინოს არ დაუსრულებია თავისი ქადაგება ჩვენს სამშობლოში, იგი დღესაც აგრძელებს ჩვენი ერის მოქცევას და ნამდვილად ასეა. შეიძლება, ჩვენ ასევე ვთქვათ, რომ წმინდა ნინო აგრძელებს ჩვენი ერის უფალთან დაახლოებისთვის, მოქცევისთვის შრომას და მისი კურთხევით ხდება ეს დიდი საქმე, იმ დიდი მოღვაწეების მეშვეობით, ეკლესიის ისეთი ერთგული შვილების მეშვეობით, როგორიც ბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ვინაიდან მისი ღვაწლიც ჭეშმარიტად სამოციქულოა და ღმერთმა მიმადლოს მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა.

    ღმერთმა დაგლოცოთ, წმინდა ნინომ დაგლოცოთ და უფალმა წმინდა ნინოს ლოცვით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!“ – განაცხადა მეუფე შიომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно