სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული გამოსახულებები ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს – სასამართლო ,,აიისა"–ს საქმეზე განცხადებას ავრცელებს


     სასამართლო ,,აიისა"–ს საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს და ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

     ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა"-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა. 

     ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმემ, „აიისა"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

     სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების - „სამეფო კარი თამარში" (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი" (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა..." (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი" (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

     სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს,"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно