2019 წლიდან ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი ფასის დამრგვალების მეთოდით შეიცვლება


     2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი ფასის დამრგვალების მეთოდით შეიცვლება.

     „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების აუცილებლობას.

      ეროვნული ბანკი განმარტავს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის-მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის-მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

     1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე,

     3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე,

     6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე,

     8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

     „დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე", – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

      ასევე, ცვლილებები ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე. 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно