საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე– ლაგარდი


    საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

    კრისტინ ლაგარდის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით სავაჭრო დავებისა და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ფონზე.

    „რა შეიძლება გავაკეთოთ – ამ საკითხზე ეკონომისტებს ფართო პასუხი და მრავალმხრივი მიდგომა აქვთ, დაწყებული სავალუტო კურსის მოქნილობის შენარჩუნებით. აუცილებელია, რადგან ეს არის ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია გართულდება, ეს საქართველოს უპირატესობას მისცემს, ასევე ეკონომიკისთვის, რომელიც საგარეო მოთხოვნაზეა დამოკიდებული, ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი არის სავალუტო რეზერვების გაზრდა. ეს არის აუცილებელი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ასევე აუცილებელია პროგნოზირებადი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაცია. ვიცი, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარებადია, მაგრამ როგორც ერთ ანდაზაშია ნათქვამი, ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ. ამის გაკეთება შესაძლებელია რეგიონულ დონზე და უფრო მეტად კოორდინირებულად და არა მხოლოდ ეროვნულ ბაზარზე.

     გვჯერა, რომ არსებობს დოლარში გაცემული სესხებისა და დეპოზიტების შემცირების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დოლარიზაციამ ბევრი კომპანია და ოჯახი დამოკიდებული გახადა ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის ძირის გამოთხრა შეუძლია. საქართველომ დიდი გზა გამოიარა. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე. ამ კუთხით საქართველომ უკვე მიაღწია პროგრესს. ბანკების ბალანსი გამყარდა და გაიზარდა ფინანსური წიგნიერება. ახლა დადგა დრო, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინსტიტუციონალური ინვესტორების მოზიდვაა, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ გრძელვადიან მოთხოვნას, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ ობლიგაციებს და სხვა ფინანსურ აქტივებს. ვფიქრობ, ყველაფერი ეს მეზობლებთან კოორდინირებულად უნდა მოხდეს", – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv