„საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“– კობახიძე


     „გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

     ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა,სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

     „ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით", - განაცხადა აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

     სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის დაძლევა, შეძლო, თუმცა, მისივე თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენს წინაშეა თანამედროვე გამოწვევები, რომლებთან გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება.

     „გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან - ჯანდაცვის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, გენდერული თანასწორობა, დასაქმება და ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინოვაციები, დეცენტრალიზაციის საშუალებით რეგიონების მდგრადი განვითარება, მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენა ქვეყანასა და რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობა - ხელისუფლებისა და ხალხისათვის ყველაზე განხილვადი და საყურადღებო საკითხებია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно