,,პოლიტიკოსების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან"– მესამე სექტორი


     აგვისტოს ომის შესახებ პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებს მესამე სექტორი საშიშს უწოდებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ექვსი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დაზარალებული პირებისათვის სამართლიანობის აღსრულებას.
 
     ,,აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინასაარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის განსაკუთრებით საშიშია. საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ.
 
     ამ ვითარებაში, დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას. მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას,"-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно