"როგორ გვესმოდა "გათავისუფლება", - "საბჭოთა ქართველს" და "საბჭოთა ლიტველს", ანუ, თავისუფლებას ვერ გამოისყიდი, თავისუფლება უნდა მოიპოვო"!– კირვალიძე


     მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ("ემგეუ") ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავართ (1978 - 1983 წწ.) და უფროსი თაობის წარმომადგენლებს მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებდა სამხედრო კათედრა, სადაც სავალდებულო იყო დასწრება და გამოცდის ჩაბარება, რადგანაც აქ მიღებული შეფასება (ნიშანი) საატესტატო ნიშნების ჩამონათვალში შედიოდა! იყო შემთხვევები, როცა სამხედრო საქმეთა კათედრის გამოცდის ვერ ჩაბარების გამო, სტუდენტს უმაღლესი სასაწავლებლის დამთავრების დიპლომს არ აძლევდნენ და "საშემოდგომო გამოცდას" აბარებინებდნენ. 

     მოკლედ, მეორე კურსზე გადავედი და იმავე სემესტრიდან (სექტემბერია) დამეწყო სამხედრო საქმეთა კათედრაზე ლექცია-სემინარები, აგრეთვე პრაქტიკულები (პლაცზე მარშირება, მოწყობა, "ხოხვა, პა-პლასტუნსკი", სამხედრო-საველე სწავლება და სხვა)! რომ გითხრათ, რომ "აღფრთოვანებაში მომიყვანა სამხედო კათედრაზე მიღებულმა პირველმა შთაბეჭდილებებმა", ნამდვილად ტყუილი იქნება. საქმე ის არის, რომ მე ჯარში გაწვეული არ ვყოფილვარ და სამხედო საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა! ჩემი ამ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ჩემს მეგობრებს გავუზიარე, ქართველ ბიჭებს, რომლებიც ჩემზე მაღალ კურსებზე სწავლობდნენ და უკვე დაგროვილი ჰქონდათ გამოცდილება და გაირკვა, რომ თითქმის არცერთი მათგანი, ამ "სამხედრო კათედრაზე", არ დადიოდნენ (სემესტრში 2-3 ჯერ, ისიც ლექციებზე თუ შეივლიდნენ).
 
     თურმე, ერთგვარი "ტრადიცია შეუქმნიათ" ჩვენს წინამორბედ ქართველ სტუდენტებს, რაც გამოიხატებოდა 2-3 ბოთლი ქართული კონიაკის "მირთმევაში", ანუ ქრთამის ("ვზიატკა"!) მიცემაში, სამხედრო კათედრის ოფიცერ-პედაგოგებისათვის! დიახ, პოლკოვნიკები და მაიორები, იშვიათად კაპიტნები იყვნენ "ემგეუს" პრესტიჟული სამხედრო კათედრის თანამშრომლები! ჰოდა, მეც "გაკვალული ტრადიციული გზით გადავწყვიტე სიარული", რაშიც ჩემი მეგობარი ის ქართველი სტუდენტები  დამეხმარნენ, რომელებიც ჩემს უშუალო პედაგოგს მაიორ სავჩენკოს კარგად იცნობდნენ, რომელთანაც ადრეც "არაერთხელ ჰქონდათ შეხება აღნიშნულ საკითხზე"!.. ჩემს შემთხვევაშიც, ყველაფერი დადებითად გადაწყდა და ეს პრობლემა მოგვარდა (3 ბოთლი "ვარციხე" და მაიორ სავჩენკოს, - "საკუთარ შვილებზე მეტად ვუყვარდი"!)!
 
     ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩემი კურსის სტუდენტები სამხედრო კათედრისკენ მიემართებოდნენ, მე კი მათ გამოვემშვიდობე და რაღაც საქმეზე მივდიოდი, ჩემმა ლიტველმა თანაჯგუფელმა ალბინასმა მკითხა, - "კი მაგრამ, დჟუმბერ ("ჯ"-ს, ვერ ამბობენ რუსულენოვანები), სამხედრო კათედრაზე რომ არ დადიხარ, რისი იმედი გაქვს, როგორ ჩააბარებ გამოცდას? გაცდენების გამო გამოცდაზე არ დაგიშვებენ"-ო! გაფრთხილებული კი ვიყავი, ქართველი ბიჭებისგან - "სიტყვა არ დაგცდეს სხვასთან, სამხედრო კათედრაზე "რომ მოგვარებული გვაქვს სიტუაციაო", - მაგრამ, ეს ლიტველი კაი ბიჭი იყო, ვაჟკაცური და გავუმხილე "საიდუმლო", ოღონდ დავაფიცე არავისთან წამოსცდენოდა! თანაც შევთავაზე, რომ მას უკვე მე "მოუკვარახჭინებდი" საქმეს, თუკი იგივეს გააკეთებდა და კონიაკს "გაიღებდა"!  ალბინასი ჩაფიქრდა, მერე მითხრა, ვიფიქრებ და ხვალ გეტყვი პასუხსო. კარგი თქო, ვუთხარი და დავშორდით ერთმანეთს, მე ჩემს საქმეზე წავედი, ის კიდევ - პლაცზე "სამარშიროვკოდ"!..
 
     მეორე დღეს, როდესაც პირველი ლექცია დასრულდა, ალბინასმა ("ლესნოი ბრატ", ასე ვეძახდი ხუმრობით, ლიტველი პარტიზანების სახელს, რომლებიც ჩეკისტებს ებრძოდნენ!) გარეთ გამიყვანა უნივერსიტეტის ეზოში და თითქმის "ოფიციალური, მკაცრი ტონალობით" განმიცხადა, -  "დჟუმბერ, ჩემო მეგობარო, მე მირჩევნია პლაცზე 24 საათი ვიხოხიალო, ვიდრე ამ ღორ ოფიცრებს, ძვირფასი ქართული კონიაკი ვუზიდო და იგივეს გირჩევ შენ, ჯობია ვიწვალოთ და ასე ჩავაბაროთ გამოცდებიო"!!! სიმართლე გითხრათ, ისეთი ფორმით გააკეთა და ისე წარმოსთქვა ეს სიტყვები ლიტველმა 19 წლის ბიჭმა, რომ კინაღამ იმ წუთშივე დავთანხმდი, სინდისის ქეჯნის მაგვარი რაღაც ვიგრძენი... მაგრამ, მერე, რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა წარმოვიდგინე ჩემი თავი პლაცზე "პა-პლასტუნსკი" მოხოხიალე, ზამთარში, 10-15 გრადუს ყინვაში, ალბინასს ასე ვუპასუხე, - "ჩემო ძმაო, მესმის შენი, რომ გეთაკილება ეს საქციელი, არც მე მომწონს, მაგრამ, ის უფრო არ მინდა, რომ სიქა გამაძრონ მაგ დამპლებმა!! მირჩევნია რა, - კონიაკი ჩავაცეცხლო და "გავთავისუფლდე" მაგათი ბრძანებების შესრულებისგან, შენც ამას გირჩევ"-თქო!!

     გამიგრძელდა საუბარი... ეს ამბავი ისე წარიმართა, რომ ლიტველი თავის აზრზე დარჩა და ქართველი კი, თავისაზე...

     მხოლოდ, სსრკ-ს დანგრევის და ცნობილი მოვლენების განვითარების შემდეგ მივხვდი, რომ ალბინასი მართალი იყო, მე კი, მტყუანი... თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოიპოვო!!! ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი "ფილოსოფია"!!!

     P.S. ამ მოგონებით, არავისთვის მიფიქრია "მორალის წაკითხვა", არც არავის ვახვევ თავს, ჩემს მოსაზრებას... უბრალოდ, ერთი დასამახსოვრებრლი ეპიზოდი გავიხსენე  სტუდენტური ცხოვრებიდან, რომელსაც, თითქმის 40 წლიანი "გადასახედიდან" ჩემეული შეფასება მივეცი!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно