„ვინ არის მოღალატე, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, კონფლიქტის ზონა ვინ გააფართოვა?"- ზურაბიშვილი


     ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, კონფლიქტის ზონა ვინ გააფართოვა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები, ამ კითხვებზე პასუხი უსათუოდ გასაცემია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

     სალომე ზურაბიშვილის თქმით, ომთან დაკავშირებით მის მიმართ „დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც დაფუძნებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზე".

     მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი სხვა კითხვა, რომელსაც პასუხები სჭირდება.

     „რატომ არ მოუსმინა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად კარნახობდნენ, რატომ არ გამოაცხადა იმთავითვე ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად, დღეს რომ მეკითხებით და რატომ დაელოდა სამ დღეს. ვინ იყო აგრესორი, მანამდე რა გვესმოდა, რომ რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ", – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიას.

     ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არავინ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას პირველივე დღეს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო.

     „რატომ არ ვთქვით მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდა ქვეყნის იმ დროინდელი ხელისუფლება?

     და ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლო დავების წარმართვის დროს შეიძლება, ჩემი ართქმული, კიდევ ვიმეორებ, ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ მიიჩნევს, რომ  ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა პრემიერის, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის იმ დროინდელმა  განცხადებებმა და ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში, რატომ ამაზე არ ვფიქრობთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მას არ უყვარს სიტყვა მოღალატე, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.

     „ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს, არ ვიყენებ და მერიდება კიდეც რომ გამოვიყენო მათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ – ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები, ამ კითხვებზე როდესაც გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ იქნება გასაცემი. ეს არ არის დამოუკიდებული იმაზე, ვიქნები პრეზიდენტი თუ არა, მაგრამ მე ვიქნები. ა, კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოდ და რომ გავამთლიანოდ, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკებში, კიდევ რამე რომ არ დამაბრალოთ, უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენგან, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-vin-daarqva-zemo-afkhazeti-kodoris-kheobas-konfliqtis-zona-vin-gaafartova-vin-datova-tyeshi-chveni-bichebi-kitkhvebs-pasukhebi-usatuod-unda-gaeces/