რუსეთი დონბასში „სამხრეთ ოსეთისა“ და „დნესტრისპირეთის“ სცენარის რეალიზაციას ახდენს– პოროშენკო


     რუსეთი დონბასში „სამხრეთ ოსეთისა" და „დნესტრისპირეთის" სცენარის რეალიზაციას ახდენს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა. მას სპეციალური ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესი გაამარტივა.

     როგორც პოროშენკო აცხადებს, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას ამზადებს, რაც დონბასის ანექსიას ან უკრაინაში რუსული ანკლავის შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, პუტინს მინსკის შეთანხმების გაუქმება სურს.

    „მინსკის შეთანხმებასთან ერთად მოსკოვს სანქციების გაუქმების იმედი აქვს. რუსული პასპორტების უკანონო დარიგება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და „დნესტრისპირეთის" სცენარით, ეს არის პუტინის მცდელობა გაამართლოს და დააკანონოს რუსეთის სამხედროების ყოფნა დონბასის ოკუპირებულ ნაწილში. მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, არ დაუშვან მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება. მათ უნდა დაგმონ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და გააძლიერონ საერთაშორისო სანქციები", – განაცხადა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა.

     პოროშენკოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის განხილვას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მოითხოვს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv