,,აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას წარმოადგენს''– ჯანელიძე


     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადო შეფასება მისცენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

    საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას წარმოადგენს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

     „ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს – ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ. „მესაზღვრეებმა" მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი, დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს", – განაცხადა ჯანელიძემ.

     მისი თქმით,  მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

     როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება და მზადაა თანაბარი შესაძლებლობები შექმნას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.

     „თავის ანგარიშში უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებულ დისკრიმინაციას უტოლდება. უმაღლესი კომისარი ღიად აცხადებს, რომ – ვციტირებ – „სუბიექტები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეშვება აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო.  აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სესიის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგენთ რეზოლუციას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების საკითხზე ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში", – განაცხადა ჯანელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ როგორც გასულ წელს, საბჭო რეზოლუციას ახლაც მხარს დაუჭერს.

     ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე, გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, სადაც ასევე ისაუბრებს ტატუაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემთხვევაზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно