ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში – გახარია


     წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000 კამერა ამოქმედდება, რაც ხელს უწყობს კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მუშაობას და ასევე მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

     შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

     „უკვე შექმნილია ერთიანი მომსახურების ცენტრი და ბევრმა თქვენგანმა, დარწმუნებული ვარ, ისარგებლა უკვე ამ მომსახურების სივრცით. იმის ნაცვლად, რაც გვახსოვდა „მე-12" ოთახის სახით, დღეს თანამედროვე სივრცეში ვიღებთ აბსოლუტურად „დიჯიტალიზებულ" სერვისებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეამცირა კონფლიქტების რაოდენობა პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის დროს. სიახლეა ტურისტული პატრულიც, რომელიც გამოჩნდა ქუჩებში. თუ ვინმეს ჰქონია ბოლო პერიოდში შეხება ქუჩაში მყოფ ბავშვებთან თბილისში, ეს ყველაფერი სწორედ ამ ახალგაზრდების, ამ ახალი ქვედანაყოფების მიერ იქნა აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

     შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის ნაწილში, ხდება ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და მათი „დიჯიტალიზება".

     „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველაზე დიდი მიღწევა პატრულის ნაწილში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის სამუშაო პროცედურების აღწერილობა, რაც აქამდე პატრულს არ გააჩნდა. თითოეულ ოფიცერს, რიგითს, რომელიც იწყებს პატრულში მუშაობას, ექნება მკაფიოდ აღწერილი მისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები. ამასთან ერთად, რაც აქამდე არ არსებობდა, პატრულში განხორციელდა სტანდარტული პროცედურების დეტალური აღწერა. ისეთი როგორიც არის, მაგალითად, დაკავება, ზედაპირული დათვალიერება, ძალის გამოყენება და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანებს ვიღებდით სამსახურში, აღვჭურვეთ ისინი საბრძოლო იარაღით და მათ არ ჰქონდათ მკაფიოდ გაწერილი ის ფუნქციები, მოვალეობები და პროცედურები, რომლებიც უნდა აღესრულებინათ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ურთიერთობაში", -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно