"არა პუტინის მარშს" - "უკვდავი პოლკის" აქციის პარალელური აქცია ვაკის პარკში იმართება


     ვაკის პარკში დღეს ორი პარალელური აქცია იმართება. პრორუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკი" უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ უკვე დაიძრა, ვაკის პარკში აპირებენ მისვლას ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტიას" და „არა ოკუპაციას" წევრები. მათი მთავარი სლოგანია „არა პუტინის მარშს."

     თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მსვლელობა კონტრაქცია არ არის, მათ უბრალოდ სურთ, რომ კიდევ ერთხელ გამოხატონ საქართველოს ურყევი არჩევანი, დასავლური ღირებულებების მიმართ.

     „ჩვენ არ ვახშობთ არავის თავისუფალ გამოხატვას, უბრალოდ ვაფიქსირებთ საპირისპირო პოზიციას, რასაც გვთავაზობენ ჩვენი კონტრაქციის მონაწილეები. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ გვსურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მიემართება დასავლეთისაკენ,"-ამბობს აქციის მონაწილე.

     მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წევრები ამბობენ, რომ საქართველომ უკვე ბევრჯერ გამოხატა მკაფიოდ თავისი საგარეო კურსისადმი მისწრაფება, მაგრამ რუსეთის ზეწოლის პირობებში, მათ ამ არჩევანის მუდმივი დაცვა უწევთ.

     „რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გამართულ აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

     „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"  წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ აქციაში ის მონაწილეობით აფიქსირებს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მყარ პოზიციას, რომ რუსეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტერია და ის ოკუპანტია. მისი თქმით, ეს გზავნილი რუსეთს საქართველოსგან მუდმივად უნდა ესმოდეს.

     „მათი ადგილი საქართველოში არ არის და მაშინაც კი, როდესაც ისინი ფეხის მოკიდებას ახერხებდნენ, ყოველთვის ძალადობით იძულებით  და არასოდეს საკუთარი ნებით ქართველი ხალხი რუსეთის მორჩილებაში არ ყოფილა,"-აცხადებს  ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"  წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/132886