ლუკაშენკო პუტინს ფინანსური ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვს


     ბელარუსის ეკონომიკამ რუსეთიდან დაბინძურებული ნავთობის მიღების შედეგად ასობით მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

     ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ზარალის ზუსტი მოცულობა ნავთობსადენის და გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმების შემდეგ დადგინდება: 

     „ეს არის სოლიდური ზარალი, რომელიც ნავთობსადენს და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს მიადგა. ეს არის დიდი დანაკლისი რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ განიცადა. ჩვენ ბევრი ფული დავკარგეთ, სავარაუდოდ ასეულობით მილიონი დოლარი", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

     ასევე ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპენსაციის საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა გეგმავს, რომ რუსეთს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს.   

     „მას ესმის, რომ ზარალის კომპენსირება უნდა მოხდეს. მაგრამ რამდენის? ამას სპეციალისტები დათვლიან, ვფიქრობ რუსეთთან ეს საკითხი სადავო არ იქნება და სასამართლოში წასვლა არ მოგვიწევს. თავად გავერკვევით ვის რამდენი მართებს,"- განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.  

      23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და უკრაინაში, ბენზინის და დიზელის საწვავის ექსპორტი უხარისხო რუსული ნავთობის გამო შეწყვიტა. 

     მანამდე ბელარუსულმა კომპანიებმა რუსეთისგან წამოსული ნავთობის ხარისხის გაუარესებაზე განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, უხარისხო ნედლეულის გამო ტექნოლოგიური მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/105348/lukashenko-putins-pinansuri-zaralis-anazgaurebas-mostkhovs