,,უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში"– პატრიარქი გიორგი გახარიას


     სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი, დადებით ცვლილებებს ელოდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გიორგი გახარისადმი გაგზავნილ წერილში წერს, სადაც მას პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

     „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა.

    დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა; ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას; ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

     იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში", – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно