,,ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ"– წულუკიანი


     იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს. ვიცეპრემიერის შეფასებით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა კრიზისების წყაროდ შეიძლება, იქცეს. 

     წულუკიანი ოპოზიციის მხრიდან ემოციებისგან დაცლილ, გააზრებულ პასუხებს ელის. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გაუჩნდა კითხვა, ხომ არ რის ოპოზიციის გეგმებში პროცესების არაკანონიერად განვითარების სურვილი. 

     „მოდით, ამგვარი მუქარის შემცველი განცხადებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ემოციებს დავაბრალოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი იქნა - ყოველ შემთვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის. 

     მესმის, რომ დღეს ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ. 

     ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს, ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც", - განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა. 

     ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის შეთავაზებას არ იღებენ. გიორგი ვაშაძემ კი თქვა, რომ „ქართულ ოცნებას" განკითხვის დღეს მოუწყობენ. 

     „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50 მანდატამდე შემცირდება.

     14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. 

     ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно