,,რუსეთის მიზანია სოხუმის ცხინვალიზაცია, ანუ ოსების მსგავსად აფხაზების "თხოვნა" რუსეთის ფედერაციაში მიღებაზე"! - პოლიტოლოგი


     აფხაზეთში არსებულ გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ოპოზიციის, აგრეთვე, ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოსაზრებებს გავეცანი და ერთ საღ აზრს ვერსად "წავაწყდი", გარდა პოლიტფანტაზიებისა... რეალობა კი შემდეგია, აფხაზეთში ყველაფერი მიდის "პო პლანუ", რომელიც ვიზირებულია პუტინის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოდან, რაც გაგრძელებაა იმ სტრატეგიისა და ტაქტიკისა, რომელსაც 1994 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსები გეგმაზომიერად ახორციელებდნენ აფხაზეთთან მიმართებით!
 
     მოკლედ ვიტყვი, მთელი ეს წლები, ოკუპანტი რუსეთის მიზანი იყო, არის და იქნება (რასაც, სავარაუდოდ მიაღწევს!), აფხაზებში იმედგაცრუების გაღვივება, რომ ისინი ოდესმე "დამოუკიდებელ სახელმწიფოს ააშენებენ", რის შედეგადაც - აფხაზთა უმრავლესობა ნებაყოფლობით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებას, ანუ ეს არის "სოხუმის ცხინვალიზაცია", აფხაზთა და ცხინვალელ ოსთა "სანუკვარ სურვილთა დამთხვევა (რფ-ში შესვლა!), მათი ერთ სიბრტყეში მოქცევა"! აი, ამ მიზნისთვის, რუსების მიერ კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება ყველაფერი აფხაზეთში, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება, მითუმეტეს, საქართველოს  ხელისუფლებების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის, უუნარობის, არაადექვატურობის და  პოლიტიკური დეგრადირების პირობებში!!!
 
     ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ალბათ მკითხავთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ შეინარჩუნოს პერსპექტივა აფხაზეთის დაბრუნებისა საქართველოს იურისდიქციაში, რაც შესაძლებელია მხოლოდ აფხაზთა და ქართველთა შეთანხმების, ანუ დიდი შერიგების შემთხვევაში! საქმე ის გახლავთ, რომ ამ მრავალწლიანი და ურთულესი პრობლემის ფესვები ისე ღრმადაა წასული, იმდენი ქართულ-აფხაზური სისხლი დაიღვარა, რომ მისი მარტივად გადაწყვეტა შეუძლებელია, მაგრამ არც დამატებითი სირთულეების ხელოვნურად შექმნა არ უნდა ხდებოდეს, რადგანაც ეს ბადებს საფუძვლიან თუ უსაფუძვლო ეჭვებს, ძირს უთხრის ისედაც არ არსებული ურთიერთ ნდობის აღდგენის უმცირეს შანსებს!
 
     დღეს, აფხაზების გონიერი ნაწილი ზუსტად აცნობიერებს იმ საშიშროებას, რაზედაც ზევით ვისაუბრეთ და იგი გამოსავლის ძიებაშია, ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ან არაფერს სთავაზობს მათ, გარდა არაერთხელ გადამღერებული პოზიციისა (აფხაზეთის უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს იურისდიქციის უპირობო აღდგენა), რასაც აფხაზები არასდროს დათანხმდებიან! ჩემი აზრით, საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს არაორდინალურ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ხედვას, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთ კომპრომისზე დაფუძნდება და რაც რუსეთის ფაქტორს სრულად გაანეიტეალებს, რადგანაც აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან შეთანხმებული პოზიცია ექნებათ! გამომდინარე აქედან, როდესაც 80 000 აფხაზი საბოლოდ დარწმუნდება მათი "დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს აშენების" უპერსპექტივობაში და რუსების მიერ, 140 მილიონიანი რუსეთის ფედერაციაში "ნებაყოფლობით შეყვანის გარდაუვლობაში", აი, ამ "პოლიტიკური მომენტისთვის" აფხაზებს საქართველომ უნდა შესთავაზოს "იგივე პირობები, რასაც რუსები სთავაზობენ, ოღონდ პატარა განსხვავებით", - აფხაზები (რესპუბლიკა აფხაზეთი) შევლენ 4 მილიონიანი საქართველოს ფედერაციაში, სადაც მათი თვითმყოფადობის გადარჩენის და განვითარების შანსი შეუდარებლად დიდია, თავად განსაჯონ (მარტივი არითმეტიკაა), სად 140 და სად 4 მილიონი მოსახლეობა! დიახ, აფხაზებმა დღესვე უნდა იცოდნენ, როგორ ურთიერთობებს და ამის საფუძველზე მათი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება - განვითარების პოლიტიკურ და სხვა გარანტიებს ვთავაზობთ ქართველები!..

     P.S. ადრე, აფხაზი სეპარატისტები ამბობდნენ, - "ზღვაში (საქართველო) დახრჩობას, ოკეანეში (რუსეთი) დახრჩობა ჯობიაო"! - დღეს კი, არა მგონია ამ ჭკუაზე იყვნენ, "დახრჩობა" არცერთ ხალხს არ უნდა, ამიტომ, იმედია მიხვდებიან, ჩვენც დავეხმაროთ, თორემ ისე მისდით საქმე, რომ "ოკეანე და ზღვა" უკან დარჩებათ და "ტბაში" ("სევანი", -  აფხაზეთში რიცხობრივად მზარდი სომეხი მოსახლეობა!) ამოყოფენ თავს!!!...
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно