,,მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ"– სააკაშვილი


     ვანო მერაბიშვილი როდესაც ჩასვეს, ასეთი iPhone არ არსებობდა, მსოფლიო სხვა იყო, ამიტომ მის ადგილზე ოჯახს დავუბრუნდებოდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან" საუბარში განაცხადა კითხვაზე, უხელმძღვანელებს თუ არა მის პირად შტაბს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ექსპრეზიდენტის თქმით, შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

     „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტ ტექნიკურ საკითხებს. ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ მე და ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მას რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო.

     ეს კაცი ამდენი წელია ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და რომ არა ეს გადაცდომები, უფრო გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში.

     თუმცა მას შემდეგ, რაც ვანო ციხეში სრულიად უდანაშაულოდ ჩასვეს, მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს, ასეთი iPhone არ არსებობდა, იყო Nokia და მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/127376/mikheil-saakashvili-vano-merabishvilis-adgilze-ojakhs-davubrundebodi-da-msoplioshi-vimogzaurebdi