ბელგრადში კარანტინის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადეს


     სერბეთის დედაქალაქში კარანტინის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

     სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

     ბელგრადში, პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები მკაცრდება, მათ შორის ბელგრადში შაბათ-კვირას სრული კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება.

     საღამოს, დაახლოებით 22:00 საათისკენ დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შენობაში შეიჭრა, თუმცა პოლიციამ ისინი პარლამენტიდან გააძევა.

     სერბეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19"-ის 16 168 შემთხვევა, გარდაცვლილია 330 ადამიანი. თუმცა ბოლო დღეებში შეინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა. მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 299 ადამინს დაუდასტურდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

     კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად სერბეთმა კარანტინის მარტის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაისის ბოლოს შეზღუდვები გააუქმა და 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი პარტია „სერბეთის პროგრესიული პარტია" ხალხმრავალ აქციებს ატარებდა. კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო შტაბის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი დაინფიცირდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv