მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო


     მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

     პრემიერის თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში, რაც მთაში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან დიდი სიკეთეა.

     „ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია, არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს და მთიან რეგიონებში დასახლდეს. პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით, გასული წლის განმავლობაში, ისარგებლა 7 300-მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი - ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი; პროგრამით ისარგებლა 70 000-მდე პენსიონერმა და ეს გახლავთ 20%-იანი დანამატი პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა პენსიაზე 100%-იანი დანამატით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში 35%-იანი დანამატით ისარგებლეს, როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა; 80 000-მდე ოჯახმა ისარგებლა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно