აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს


     აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

     დანფორდის განცხადებით, ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი. მისი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, მომავალში აღარ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენება.

     ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ სირიის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას აღარ გეგმავს.

     აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

     „აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან", – განაცხადა ტრამპმა.

     სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ჩაერთნენ.

     აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-m-didma-britanetma-da-safrangetma-siriashi-aviadartymebi-ganakhorcieles/