დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მიეცა.

     გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ - ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები და მახასიათებლები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 59 000 ლარს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დამკვეთს - მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, რომელმაც თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისი შემოწმების გარეშე, დაადასტურა ხელმოწერით შესრულებული სამუშაოების აქტები.

     დადგენილი იქნა ასევე, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ერთ-ერთი კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ გაცემული იქნა ყალბი დასკვნები, თითქოსდა, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებთან.

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно