გაძვირდება თუ არა მგზავრობის ღირებულება? – თბილისის მერიის პასუხი


     ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ:
 
      ,,თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.

     თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალურ ფაქტორს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.

     თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს" - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно