,, პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილების მიუხედავად, მეშახტეებს შახტაში მუშაობას კვლავ აიძულებენ"– პროფკავშირები


     მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილების მიუხედავად, მეშახტეებს შახტაში მუშაობას კვლავ აიძულებენ.

       პროფკავშირები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება.

     ,,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ორი დღის უკან, შახტების დაკეტვის, საფუძვლიანი გამოძიების, საფრთხეების სიღრმისეული შეფასების და იძულებითი მოცდენის პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის სრული გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შპს ,,საქნახშირი"-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს მეშახტეები შახტაში ჩაიყვანოს და სამუშაოები გააგრძელებინოს.

     ანუ, შახტაში სადაც ორი დღის უკან 10 ადამიანი უსაშინლეს ავარიაში მოყვა, რამაც 4 ადამიანის გარდაცვალება და დანარჩენების დაშავება გამოიწვია, მეშახტეებს ჩასვლას აიძულებენ.

    მეშახტეები ამის გამო ძალიან გაბრაზებულები, ნაწყენები და იმედგაცრუებულები არიან.

     ქვეყანაში სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს კონკრეტული კერძო კომპანია, საერთოდ როგორღა უნდა ქონდეს რომელიმე მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურების ნდობა.

     საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, კომპანიის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება" - აღნიშნულია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно