32-ე ბატალიონმა GDRP-თვის წინამოსამზადებელი წვრთნები დაასრულა


     საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელი სწავლების კულმინაციური ფაზა დაასრულა. წინამოსამზადებელი წვრთნების დასკვნითი ეტაპი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე 7 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მომზადება-შეფასება ოცეულის დონეზე გაიარეს.

     წვრთნების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებს ახორციელებდნენ. რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით, ისინი რეიდთან, ჯავშანსაწინააღმდეგო ჩასაფრებასთან, შენობა-ნაგებობების გამაგრებასთან, არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირებასთან, კონტაქტზე რეაგირებასთან, პოზიციურ თავდაცვასთან დაკავშირებულ დავალებებს ასრულებდნენ.

     ჯარისკაცებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები სამი დღე-ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აფასებდნენ.

     ქვედანაყოფმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ცხრაკვირიანი ინდივიდუალური დონის მომზადება სიმონეთის საველე ბანაკში გაიარა. 32-ე ბატალიონის ათეულების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ასევე 9 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

     III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) სექტემბრიდან ჩაერთვება.

     საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно