საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა


     სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

     სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

     ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

     „მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი“, – განაცხადა მოსამართლემ.